Wednesday, June 27, 2012

ეწევა, ეწევა, ეწევა.



მის მაჯაზე მიკიდია ხელი, ასეთი ჩვევა მაქვს, ყოველთვის უნდა ვიცოდე, თუ როგორ უცემს გული. ვერ მივეჩვიე, რომ ყოველთვის აჩქარებული აქვს. ყოველთვის აჩქარებული აქვს გული და ჩანთაშიც ყოველთვის აქვს დამამშვიდებელი. პატარა გოგოა, ძალიან პატარაც არა, მაგრამ მისთვის გულის პრობლემა ძალიან ადრეა.
ზოგჯერ გამაჩერებინებს მანქანას, გადადის ანქანიდან და გარეთ ეწევა. შემდეგ ჯდება მანქანაში და დამნაშავე ბავშვივით ჩუმდება.
ჩემი გული ვერ უძლებს მის ბავშვურობას და შუბლზე ვკოცნი, თმებს ვუწეწავ და მაშინვე უბრუნდება ღიმილი სახეზე. ძალიან უცნაური გოგოა.
ზის ჩემს მანქანაში, ეწევა, ეწევა, ეწევა.
დღემდე ვერ ვათქმევინე რატომ მხვდება, ვერ ვხვდები რას იღებს ეს პატარა გოგონა ჩემგან, კაცისგან რომელსაც თითქმის არაფერი დარჩენია ცხოვრებაში ოჯახის რჩენის გარდა.
ამ კითხვაზე ეშმაკურად ეღიმება, თითქოს ფიქრობს, შენ მაგას ვერასდროს ჩაწვდებიო და ისევ ცდილობს კარგ ხასიათზე დამაყენოს. თუმცა მე მის გვერდით ცუდ ხასიათზე არასდროს ვარ, უბრალოდ ზოგჯერ ვიძაბები, ჩემს თავს ვაიძულებ არ იგრძნოს მისდამი სიყვარული.
თითქმის ერთი წელია, თუ ორი წელია, შეიძლება სამიც სრულდებოდეს უკვე. ჩვენ ვხვდებით იშვიათად ერთმანეთს, მისგან სიცოცხლის დიდ დოზას ვიღებ და მერე ისევ ვაბრუნებ თავის ადგილზე. ზოგჯერ მგონია, რომ არასწორად ვექცევი, მაგრამ მას მოსწონს ჩემთან თამაში. და იქნებ საერთოდაც ის თამაშობს ჩემით და არა მე?
მოკლედ არ არის ცოტა ხანი რაც ვხვდებით, ის კიდევ საერთოდ არ იცვლება, იცვლის თმას, ხდება და ხან სუქდება, იცვლის ჩაცმულობის სტილს, მაგრამ მაინც ყოველთვის იგივე რჩება.
პაწაწინაა...
სასწაულად უყვარს თოვლი და წლევანდელმა ზამთარმა იმედი გაუცრუა, ახლა სულ მობუზულია.
ქალია, ნამდვილი ქალი. ეშმაკურად გადმომხედავს ხოლმე და ერთადერთ რამეს ვნანობ ცხოვრებაში, რომ უფრო გვიან არ დავიბადე.
გვიან დაბადების შემთხვევაში მექნებოდა უფლება...
ახლა ვუყურებ და გული მწყდება, რომ სხვისი უნდა იყოს.
მეტიჩარაა, ყველაფერი აინტერესებს ჩემი ცხოვრებიდან და მეც დიდი ბიძიასავით(თუმცა რაღა სავით, დიდი ბიძია ვარ) ვუყვები ჩემი ცხოვრების ისტორიებს. ვისმენ ხოლმე მის ისტორიებსაც და მეცინება. სულ ბრაზდება რატომ იცინიო, მე კიდე მიხარია, რომ კიდევ შემიძლია სიცილი.
დარწმუნებული ვარ ჩემს თვალებში ტკივილსაც ხედავს და ჩემს შუბლზე კითხულობს განვლილ გზას, მაგრამ არასდროს არ იმჩნევს. მაშინაც არ შეუმჩნევია არაფერი, როდესაც წამომცდა მიყვარხართქო. უბრალოდ სიგარეტი ამოიღო და ვითომც არაფერიო.
როდესაც საჭიროა თავდაჭერილიცაა, ქალურიც და ყველაფერია თითქოს მასში.
ზოგჯერ მგონია ამდენი წელი იმიტომ ვიცოცხლე, რომ მას შევხვედროდი. თუმცა ეს ყველაფერი ტყუილია, ილუზიაა, რომელსაც ჩემივე ბედნიერებიშთვის მიქმნის.
ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც ბავშვობაში მაბრუნებს. თურმე ბედნიერება კიდევ შემძლებია.
ძალიან დიდი ხანია არ მინახავს, ის კი არ ისვენებს. თითქოს ყველა მხრიდან მივლის და ჩემს სუსტ წერტილს ეძებს. თავისას მიაღწევს, მაინც შემოვუშვებ ჩემს ცხოვრებაში და თავიდან დავიწყებ ბედნიერებას, მერე ისევ შემეშინდება და დავიმალები.
არ ვურეკავ, მისი ნომერიც არ ვიცი, მაგრამ მაინც ყოველთვის მომაგნებს დარწმუნებული ვარ.
გუშინ იყო ჩემთან მოსული და ვერ ვიცანი, იმდენად შეიცვალა მეც კი ვერ ვიცანი. ირგვლივ ყველაფერს მართავდა, ნამდვილი ქალია.
ქალი, რომლის გამოც დავიწყე ყველა მდედრობითი სქესის ლანძღვა. პატარა გოგოსი მეშინია და საკუთარ თავს გავურბივარ.
ყოველ დღე ვცდილობ თავი გადავარჩინო და რაღაც შევიტანო ოჯახში, ეს პატარა ავსული კი ყველაფრის დანგრევას ცდილობს.
არ შემიძლია, ბედნიერების გამო ყველაფერს ვერ დავთმობ. ის კი ძალიან გიჟია, თუმცა მას ჯერ დასაკარგი არც არაფერი აქვს.
პირველად როდესაც ვნახე წითელი საყურე ეკეთა, უხდებოდა წითელი ფერი.
იცოდა მიყვარდა ეგ საყურე და სპეციალურად არ იკეთებდა.
რამდენი ხანია არ მინახავს, რამდენი ხანია ბედნიერებას ხელიდან ვუშვებ. და ვინ ვარ მე მისთვის? არ მჯერა.. არ მჯერა, რატომ უნდა პატარა გოგოს ჩემი გადარჩენა, რა შუაში ვარ.
მივიწყებს.. მერე ისევ მიხსენებს და კვლავ თავიდან მივიწებს. მე მას ჩემი სიყვარული თავიდანვე ავუკრძალე,
მე კი...
თითქმის ერთი წელია ჩემს მანქანაში არ მჯდარა,
დღეს ვალაგებდი და ცალი საყურე მოვძებნე. ადრეც დამილაგებია, მაგრამ ახლა მოვძებნე.
გულის სიღრმეში მწყდებოდა, როდესაც ამ საყურეს არ იკეთებდა.
წითელი საყურე თაროზე ჩამოვდე და ახლაც ვუყურებ, კადრებად ჩადის ვითომ ერთი კადრი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.
მე მის მაჯაზე მიდევს ორი თითი,
ის კი ყოველთვის გარბის ჩემგან, რომ ისევ დაბრუნდეს.

2 comments:

გმადლობთ კომენტარისთვის